ოთარ ფარცხალაძე: მე მდევნიან გაყალბებული დანაშაულებისთვის, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია

პუბლიკა

რუსული სააგენტო Московский Комсомолец- ი ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის პირველ კომენტარს ავრცელებს. მედიასთან ინტერვიუში, ყოფილი გენპროკურორი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალს არ აღიარებს და თვლის, რომ საქმე „უცხოელი პატრონების“ მითითებით არის შეკერილი.

„მე მდევნიან გაყალბებული დანაშაულებისთვის, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია, რათა ჩამომაშორონ ჩემს ისტორიულ სამშობლოს. საერთაშორისო კრიმინალურმა ორგანიზაციებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. არ მეშინია. ეს ყველაფერი იდეალურად ადასტურებს ჩემ მიერ არჩეული გზის სისწორეს. მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის.

დადგა დრო, წარსულში დავტოვოთ ძველი წყენები, რომლებიც ჩვენი ხალხის მტრებმა შექმნეს, და წინ წავიწიოთ. საქართველოს ხალხმა უნდა გაახილოს თვალი და გაიგოს, ვინ მოქმედებს მისი ინტერესების სასარგებლოდ და ვინ ხლართავს ინტრიგებს, ემსახურება უცხოელ პატრონებს და ანგრევს ჩვენს თვითმყოფადობას, ცხოვრების წესსა და ერთიანობას. ასე შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ტრადიციები და სარწმუნოება” – აამბობს MK.RU-სთან ინტერვიუში ოთარ ფარცხალაძე.

ყოფილი გენერალური პროკურორი ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველა ღონეს მიმართავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები აღადგინოს. 

„ჩვენი ისტორია სავსეა ტრაგიკული მომენტებითა და გმირული საქმეებით. ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ დაიღუპა 400 000-ზე მეტი ქართველი დიდ სამამულო ომში, წითელ არმიასთან ერთად იბრძოდა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და სიამაყისთვის გაერთიანებული ფაშისტური ევროპის წინააღმდეგ. ეს გმირული საქმეები აძლიერებს ჩვენს კავშირებს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ხალხთან, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიზიარეს ისტორიის ეს საშინელი გვერდები.

მე ყველა ძალისხმევას მივმართავ ქართველ და რუს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცებისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება პატივისცემაზე, ერთიანობასა და გარე საფრთხეებისადმი ერთობლივ წინააღმდეგობაზე” – ამბობს ოთარ ფარცხალაძე.

ყოფილ გენერალურ პროკურორს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა 19 თებერვალს შეუფარდეს. მასამდე, 2025 წლის ბოლოს, ფარცხალაძეს ასევე დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე. ოთარ ფარცხალაძე „ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს, 2013 წელს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. მას ამჟამად რუსეთის მოქალაქეობა აქვს და მასზე საერთაშორისო ძებნა არის გამოცხადებული.