ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე სასამართლომ 2 200-2 200 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ახალგაზრდები, 18 წლის ოთარ კვარაცხელია და 23 წლის რატი ტყემალაძე სასამართლომ 2 200-2 200 ლარით დააჯარიმა.

ახალგაზრდები 18 იანვარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და 174-ე პრიმა – შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლებით დააკავეს.

ადვოკატების განცხადებით, სამართალდამცავები სხვა პირებს ეძებდნენ, მათ ვინც ფეიერვერკს ისროდნენ აქციაზე  და ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე შეცდომით დააკავეს.

„ავერიეთ იმ პირში, რომელმაც ფეიერვერკი ისროლა მაგ მანიფესტაციის დროს, ნიღბების მარშის დროს, პიროვნებას ეცვა იგივე ფერის პლაში რაც მე მეცვა. ერთი-ორჯერ მოხდა ჩემი სხვა ოთახში გაყვანა რა დროსაც მეუბნებოდნენ, რომ გინდა თუ არა შენ ხარ ის პიროვნება, რომელმაც ისროლა ფეიერვერკიო. მე არ მისვრია ეგ ფეიერვერკები. მაგ პირის დაჭერა უნდოდათ და მაგ პირის ნაცვლად დამაკავეს მე“, – თქვა ერთ-ერთმა ბრალდებულმა.

დაკავებულებიც და ადვოკატებიც ამბობენ, რომ დამკავებელ პირებს არ ეცვათ ფორმა, არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ასევე ადგილზე არ იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანებით.