„ოთხეულმა კი არ დაასრულა, ოთხეული ახლა იწყებს" - დიმიტრი ხუნდაძე

პუბლიკა

ქართული ოცნებიდან გამოსული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ანტიდასავლური რიტორიკით და შეთქმულების თეორიების ტირაჟირებით გამოირჩეოდა, აცხადებს, რომ „ოთხეულმა კი არ დაასრულა, ოთხეული ახლა იწყებს”.

„ჩვენ ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ და აქ კომპრომისი ვერ იქნება. ის, რომ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა რეალური იყო, ამას სიჩუმე ვერ დააზღვევდა და სწორედაც რომ ხმამაღლა იყო სათქმელი, რამაც ეს რისკები ამ ეტაპზე მინიმუმამდე დაიყვანა. ჩვენი მხრიდან ხმამაღლა „წაკითხულმა“ მზაკვრულმა სცენარმა, რომელიც თითქოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემსახურებოდა, არადა რეალურად ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას გეგმავდა, ჩაშალა. ქუჩის აურზაური შეიცვალა პოლიტიკოსების საუბრებით და რეალურად გააჩინა სტატუსის მინიჭების რეალური პერსპექტივა.

ჩვენმა პრინციპულობამ ხელი უნდა შეუწყოს ჭეშმარიტ პარტნიორულ ურთიერთობებსაც, ისე რომ, ანგარიშგასაწევი იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი სუვერენიტეტი ფურცელზე დეკლარირებას გასცდა და ამას მოქალაქეები სიამაყით აღნიშნავენ. ქართული სახელმწიფო დღეს ხმამაღლა საუბრობს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უპირატეს ინტერესებზე და „დიდი ძმების“ დაკვეთების ბრმად შემსრულებელი აღარ არის.

არის მცდელობა, რომ საზოგადოება აგენტურით იმართებოდეს, რაც ყოვლად მიუღებელია ქვეყნისთვის. ფაქტია, რომ ჩვენ მძიმე ტვირთი ვიკისრეთ, ღიად ვისაუბრეთ პოლიტიკურ კულისებში მიმდინარე ისეთ საკითხებზე, რასაც ბევრი ვერ გაბედავდა. სათქმელი კიდევ უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ უმჯობესია, ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა არ გახდეს საჭირო. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ჩემთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ პროცესები სასიკეთოდ წარიმართება. პრეზიდენტზე კი რა გითხრათ, რომელმაც ვიღაც ოთხეულად მოიხსენია არაერთგზის პარლამენტის წევრები, რომელთა უკანაც ამომრჩეველთა დიდი არმია დგას. მას მინდა შევახსენო, რომ „ამ ვიღაცეების“ წყალობით გახდა პრეზიდენტი, რაშიც თავად მისი წვლილი არც მეტი და არც ნაკლები, ნულია.

ჩვენმა ქმედებებმა და საზოგადოების მხარდაჭერამ უკვე არაერთგზის გამოიღო შედეგი და პოზიტიური ეფექტი მომავალშიც იქნება. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და არც დიდხანს დარჩება დაფარული ბევრი რამ. არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება. ჩვენი მიზანი პრინციპულია და ამ მიზნის ირგვლივ საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდება. მინდა იცოდეთ, ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს“ – აცხადებს ხუნდაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერს მოუწოდა გაემიჯნოს „იმ რაღაც სამეულებსოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან.“

მისი თქმით, არავის სურს და სჭირდება საქართველოს ომში ჩართვა და მსგავსი რაღაცების მოგონება საჭირო არ არის.

„არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და მეორე მხრივ, ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპის კომისიას და ვაბრალებდეთ ევროპელებს თუ სხვა პარტნიორებს, ვითომ მათ უნდათ ჩვენი ჩართვა ომში და ეს არის მათი მიზანი.

ეს უნდა იყოს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ, არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც მგონი, საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია. ცოტა მოვიდეთ გონზე, არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება.

არ ვიცი, ამით ვინმე თუ ფიქრობს, რომ საზოგადოებას რამენაირად შეუცვლის აზრს. აქ არის საჭირო ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ამ ყველაფრის გამო, სანქციებზე, ომის თემაზე, რომელიც ძალიან გაუგებარია ყველასთვის, ვინც გარედან გვიყურებს, ეს არის მომენტი, როცა უნდა გაიფანტოს ეს ტყუილები, ეჭვები, ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს რეპუტაციაზე, ნდობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეს არის, რაც ევალება პრემიერს, როცა ჩავა ბრიუსელში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.