ოთხჯერ მქონდა საიდუმლო შეხვედრა ლუკაშენკასთან, ეს იყო საიდუმლო დიპლომატია - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ბელარუსის პრეზიდენტს საიდუმლოდ ოთხჯერ შეხვდა ლონდონში. რის გამოც, მისი თქმით, ბელარუსს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აქამდე არ უღიარებია. თუმცა, სააკაშვილის თქმით, ფულის გაფლანგვის ბრალდების გამო, ახლა ამაზე ღიად საუბარი უწევს.

„მე სამჯერ თუ ოთხჯერ ვიყავი ლონდონში. სამჯერ თუ ოთხჯერ მომიხდა და რომ ნახოთ ეს ფურცლები, რომლებიც ამათ გამოამზეურეს… რომლებიც უნდა ყოფილიყო საიდუმლო, რადგან, როდესაც შენ ომში ხარ და ახორციელებ საიდუმლო მისიებს და მე ვახორციელებდი საიდუმლო მისიას, შენი გადაადგილება არ უნდა იყოს გამომზეურებული, როგორც საცვალი.

მაგრამ ვინაიდან გუშინწინ ლუკაშენკომ უკვე თქვა, პუტინი თუ მეტყვის ვაღიარებ ტერიტორიებსო და ესეც ამათი უუნარო პოლიტიკის შედეგია, ვიტყვი, მე მართლაც ოთხჯერ ვიყავი ლონდონში.

რომ ნახოთ ფურცლებზე, უბრალოდ სასტუმროში ვიყავი. ოთხჯერ ლონდონში – დავჯექი თვითმფრინავზე, გადავფრინდი და ოთხჯერ მქონდა საიდუმლო შეხვედრა ლუკაშენკასთან. პირველად ვამბობ ამას. ეს იყო საიდუმლო დიპლომატია“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ე.წ. პიჯაკების საქმე

ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).

სასჯელი 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიხედვით, იმისთვის, რომ დაემალა საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, საიდუმლო ფორმით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებული სდსს-თვის გამოყო თანხა.

ბრალდების მტკიცებით, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი.

ხარჯი სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით ჩამოიწერა და დოკუმენტებს უკანონოდ  მიენიჭა გრიფი „საიდუმლო“.

პროკურატურის მიხედვით, არამიზნობრივ ხარჯს შორის იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის, ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილი ფული, პრეზიდენტის ესპანელი მზარეულის, სერქიო ქალდერონ ლატასას ანაზღაურება და მისთვის გაწეული სხვა ხარჯი.

ასევე, სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ ვიზიტებისას სხვადასხვა დროს დაქირავებული ავიალაინერის, ლიმუზინისა და მინივენის, ვერტმფრენის ხარჯი, მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასათვის ავსტრიაში დაქირავებული „პორშეს“, „მერსედესისა“ და „აუდის“ მარკების ავტომანქანებში დახარჯული თანხა, მაჯის საათებში გადახდილი ფული.

ასევე, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქიშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილი თანხა, რის გამოც ამ საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმეც შეერქვა.

ამ საქმეზე დაცვის პოზიცია ასეთია: ბექა ბასილაია „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ 2009 წლამდე პერიოდში ამ ტიპის ხარჯს გასცემდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ამასთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვა არ აქვს, არც ბრალი არ წარუდგენია ვინმესთვის.

„2009 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გარკვეული ხარჯის დაფარვა გადავიდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, მეტი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ ხარჯის ბუნება არ შეცვლილა. შესაბამისად, თუ ადმინისტრაციის მიერ მსგავსი ხარჯის გაწევა დანაშაული არაა, როგორ შეიძლება ეს სდსს-დან დანაშაული იყოს?!

უფრო მეტიც, 2013 წელს, როცა პრემიერ-მინისტრი უკვე ბიძინა ივანიშვილი იყო, ხოლო სდსს-ის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე, ამ დროსაც ზუსტად იმავე ტიპის ხარჯს ეწეოდნენ, მაგრამ ამ ნაწილთან დაკავშირებით არავის არ აქვს კითხვის ნიშანი.

ხოლო რომელი ხარჯი დაიფარებოდა სდსს-დან, ამაზე გადაწყვეტილებას იმ კონკრეტულ მომენტში იღებდნენ იმისთვის, თუ რა სჯობდა მეტი დაცულობისთვის. ახლა შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, ამაღლებდა თუ არა ეს პრეზიდენტის დაცვას, მაგრამ იმ პერიოდში ასე მიიჩნევდნენ და ეს ცალკე საკითხია“, – ამბობს ბასილაია.