ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლამ არ აირჩია სამინისტროს წარდგენილი კანდიდატი

პუბლიკა

ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატი სკოლის სამეურვეო საბჭომ არ აირჩია.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია „გურია ნიუსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს 13 წევრიდან 12-მა წევრმა ხმა ხათუნა ლომთათიძის კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა.

სკოლის ყოფილი დირექტორი ტარიელ კალანდაძე ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში დირექტორთა არჩევნებში კანდიდატად განათლების სამინისტრომ არ წარადგინა. რასაც სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა.

„ვიკრიბებით იმისთვის, რომ ყველას გავაგებინოთ, რა უსამართლობა ხდება! ვიკრიბებით იმისთვის, რომ გითხრათ — ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება! ჩვენ გვაქვს უფლება, გითხრათ სიმართლე, თუ რა გააკეთა ამ სკოლისთვის ტარიელ კალანდაძემ, რომელიც ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს! დღეს ჩვენ გვჭირდება სიმართლე და გვჭირდება პასუხები!“,- აცხადებდნენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები.

ამჟამად ცნობილია, რომ კიდევ ორმა საჯარო სკოლამ არ აირჩია სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატი, ესენია,- ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლა და წალენჯიხის ჯგალის საჯარო სკოლა. 

ქვეყნის მასშტაბით დირექტორთა არჩევნები 927 სკოლაში უნდა გაიმართოს. სკოლების უმეტესობაში თითო-თითო კანდიდატია წარდგენილი. რაც ნიშნავს იმას, რომ სამეურვეო საბჭოებს არ ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა შესაძლებლობა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ კანდიდატების მიერ პრიორიტეტული სკოლების მონიშვნის შემდგომ დაამუშავა, კანდიდატობის მსურველი ჯამში 1276 პირი იყო, აქედან 383 სკოლაში არჩევნებში მონაწილეობა სურდა 2/ ან და მეტ კანდიდატს. 892 სკოლაში კი წარდგენილი იყო მხოლოდ 1 მსურველის განაცხადი. ამ მონაცემების მიხედვით, იყო სკოლები სადაც მსურველები იყვნენ, მაგრამ არჩევნები არ დაინიშნა. ასეთი 350-მდე სკოლაა.

სამინისტროს გადაწყვეტილებას სკოლებში თითო კანდიდატის წარდგენაზე სასკოლო საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

მათი შეფასებით,  არჩევანის გარეშე რეალური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა სკოლებს არ ექნებათ და შეკითხვებს ბადებს ის გარემოება, თუ რატომ არ წარადგინა ერთზე მეტი კანდიდატი სამინისტრომ თუნდაც იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ერთზე მეტ კანდიდატს ჰქონდა წინასწარ გაცხადებული.