„ოზურგეთის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად კაცი გარდაიცვალა“ - რწმუნებული

პუბლიკა

სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში, გიორგი ურუშაძე „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად კაცი გარდაიცვალა.

„სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში შექმნილია საგანგებო შტაბი, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად იქნას გადაჭრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი რეგიონის წინაშე. სამწუხაროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი. შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ. ნამდვილად სამწუხარო ფაქტია და გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, – თქვა გიორგი ურუშაძემ.

ადგილობრივ მედიას „გურია TV-ს“ ცნობით, კონჭკათის ტერიტორიულ ერთეულში მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა აროშიძემ მათთან თქვა, რომ დაღუპულია ადგილობრივი მცხოვრები, შუახნის კაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა.