ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში უკვე მე-2 დღეა, შიმშილობს.
პაატა ბურჭულაძე უცხოეთიდან საქართველოში 15 ნოემბერს დაბრუნდა და მეორე დღიდან დაიწყო შიმშილობა. მან ჯერ კიდევ უცხოეთში ყოფნის დროს თქვა მედიასთან, რომ აპირებდა შიმშილობის დაწყებას. სხვა მოშიმშილე ადამიანების მოთხოვნის მსგავსად, პაატა ბურჭულაძეც ამბობს, რომ მანამდე იშიმშილებს, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.
ამავე მოთხოვნით, პარლამენტის შენობაში შიმშილობს „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ 9 დეპუტატი: დავით კირკიტაძე, ნიკა მაჭუტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, სულხან სიბაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ბეჟაშვილი და აბდულა ისმაილოვა.
როგორც მოგვიანებით განაცხადა, შიმშილობა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემაც. შიმშილობენ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატებიც.