PACE-ს 51 წევრი: თუ ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, მოვიწოდებთ ასამბლეას, დაიწყონ საქართველოს გაძევება

პუბლიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი 4 პოლიტიკური ჯგუფიდან: ALDE, EPP/CD, SOC, ECPA – აქვეყნებს წერილობით დეკლარაციას სახელწოდებით „ავტორიტარული უკუსვლა საქართველოში” და აპირებს, მიმართოს მინისტრთა კომიტეტს მოთხოვნით, გააძევონ საქართველო ევროსაბჭოდან, თუ არსებული ვითარება არ შეიცვალა.

განცხადებაში ნათქვამია:

„ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას განიცდიან.

ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტები, ეს არის დემოკრატიული ოპოზიციის აღმოფხვრის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ მიმართული უწყვეტი კამპანია.

ამასთან, საქართველოს დელეგაციამ ცალმხრივად დატოვა ასამბლეა.

რეპრესიებისა და ჩაურევლობის ეს გზა არღვევს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ასამბლეის უფლებამოსილებას.

ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები. წევრი სახელმწიფოს შიგნით ავტორიტარული უკუსვლის იგნორირება ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის ფუნდამენტს.

თუ საქართველო არ მიაღწევს პროგრესს თავისი ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში, ჩვენ გავასაჩივრებთ საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელებს და მოვიწოდებთ საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროსაბჭოს წესდების მე-3 მუხლში მითითებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევების გამო”.


2025 წლის 25 იანვარს PACE-მა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა – რეზოლუციაში ეწერა, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაცია უნდა აღიაროს, თუმცა პირობებით, რომ:

  • მომდევნო თვეებში მოხდება ახალი, რეალურად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებით; ამასთან, 2025 წლის აპრილამდე გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.

რეზოლუციის მიღების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს მუშაობა PACE-ში. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, უფლებამოსილების ცნობის მიუხედავად, დათქმები მათთვის იყო „უსამართლო და საფუძველს მოკლებული”, რის გამოც ასამბლეიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

2025 წლის 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო – მასში გამოითქვა წუხილი, რომ საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა უარი თქვა ასამბლეაში დაბრუნებაზე.

აპრილის რეზოლუციაში მითითებულია, რომ ასამბლეის მუშაობაში იმ წევრების ჩართულობა, რომელთა რწმუნებათა სიგელები რატიფიცირებულია, არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა.

ამავე დროს, საპარლამენტო ასამბლეის თანახმად, „ქართულ ოცნების“ მიერ რეკომენდაციების შეუსრულებლობა და დემოკრატიული უკუსვლა არ იქნება ხელსაყრელი ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებისთვის, თუ მათ წარადგენენ ასამბლეის მომავალ სესიაზე.