ევროსაბჭოს გენერალური საპარლამენტო ასამბლეა (PACE) გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რადგან ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების შეჩერების შესახებ განაცხადა, საპირისპირო საარჩევნო დაპირების მიუხედავად.
PACE აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა იქონიოს უდიდესი გავლენა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებაზე.
ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეა მკაცრად გმობს ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე მშვიდობიან დემონსტრანტების სასტიკ დარბევას, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.
ასამბლეა ასევე გამოხატავს თავის შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ დემონსტრანტების უმეტესობა დააკავეს და მუხლები მიუსადაგეს საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკამათო კოდექსის შესაბამისად და აღნიშნავს, რომ მათ არაერთხელ მოითხოვეს ამ კანონის შეცვლა ახალი, ევროპული საკანონმდებლო სტანდარტების შესაბამისად.
ეს შემაწუხებელი მოვლენები მით უფრო შემაშფოთებელია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, რომელიც ჩატარდა ისეთ გარემოში, რომელიც არ უზრუნველყოფდა „ინფორმირებული არჩევანის გაკეთების, დაშინებისა და ზეწოლისგან თავისუფალი” არჩევანის აუცილებელ პირობებს.
„PACE მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და სრულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები, როგორც ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ.
ასამბლეა მზად არის, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და მინისტრთა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, კონსტრუქციული დიალოგით გააგრძელოს მუშაობა საქართველოს ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან. ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლების მოახლოებული ვიზიტი საქართველოში გადამწყვეტ შესაძლებლობას წარმოადგენს ამ დიალოგის გასაგრძელებლად”. – აცხადებს PACE და მიუთითებს, რომ საპარლამენტო ასამბლეის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მომზადებულ ანგარიშზე დებატებს 2025 წლის იანვარში გამართავს.