PACE-ის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას რუსულ კანონზე მოსაზრების მომზადება სთხოვა

პუბლიკა

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ცნობით, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას რუსულ კანონთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება სთხოვა კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.

„ამ თვის დასაწყისში, 4 აპრილს, საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE – ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC – სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი), ღრმა შეშფოთება გამოთქვეს კანონპროექტის ხელახლა წარდგენის თაობაზე.

ამ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა, რომლის გაწვევაც ჩვენ დადებითად შევაფასეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ჩვენი განცხადება, რომელიც ამ კანონპროექტის პირველად შემოღებისას გავაკეთეთ, კვლავაც ძალაში რჩება: ეს კანონპროექტი წარმოშობს სერიოზულ კითხვებს ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამოიღონ ეს კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან”, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

როგორ გაგრძელდება რუსული კანონის განხილვა

კანონპროექტს, რომელსაც საზოგადოებამ რუსულ კანონი უწოდა, დღევანდელ 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

კანონპროექტმა კანონად ქცევამდე წამყვან კომიტეტში სამი მოსმენა და პლენარულ სხდომაზე სამი მოსმენა უნდა გაიაროს.

პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ ჩაითვლება, რომ პარლამენტმა კანონი მიიღო.

ამის შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გადაეგზავნება პრეზიდენტს. კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შედის.

თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, მისი მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დაბრუნდება.

ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, კანონპროექტს ხელახლა ეყრება კენჭი. მხარდაჭერილი კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გადაეგზავნება.

თუ პრეზიდენტი მას არ მოაწერს ხელს, კანონი ძალაში შესულად პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის და მისი გამოქვეყნების შემდეგ, ამ კანონით გათვალისწინებულ ვადებში ჩაითვლება.