PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა

პუბლიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია („რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“) რომლითაც რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა.

რეზოლუციას  მხარი 99 წევრმა დაუჭირა, ერთმა (თურქეთის წარმომადგენელმა) კი თავი შეიკავა.

ამავე რეზოლუციაში რუსეთს მოუწოდებენ, რომ თავისი ძალები გაიყვანოს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებიდან. ევროპელი დეპუტატები ასევე მოუწოდებენ რუსეთს, რომ გაათავისუფლოს რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ ყარა-მურზა.

„ასამბლეა ასევე გამოდის მოწოდებით, რომ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების საქმეები გადაიხედოს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში და ისინი (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის) გაათავისუფლონ“, – ვკითხულობთ რეზოლუციაში.

ასამბლეა სთხოვს ეუთოს, რომ გააგრძელოს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შეფასება საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ.