საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის წარმომადგენლები გლდანის ციხეში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს შეხვდნენ.
როგორც ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ისაუბრეს ანდრო ჭიჭინაძის მდგომარეობაზე, მის მსგავსად დაკავებულ ადამიანებზე, საპროტესტო აქციებზე, დაუსჯელ სამართალდამცავებსა და სხვა საკითხებზე.
ადვოკატის თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ დელეგაციის წევრები „სწორად აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გვაქვს“.
„პირველ რიგში, მოიკითხეს ანდროს მდგომარეობა, როგორ არის მსახიობი, დღეს როდესაც ოთხ კედელში არის გამოკეტილი და შემდეგ უკვე მოისმინეს უშუალოდ დეტალები როგორც საქმესთან დაკავშირებით, ასევე პროტესტთან დაკავშირებით, იმ პროტესტთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ჭიჭინაძე. ასევე მოისმინეს მისი ვარაუდები, მოლოდინები და ახსნა იმისა, მისი აზრით, რატომ არის პატიმრობაში, იმიტომ, რომ რეალურად, ამისთვის არ არსებობს, არც სამართლებრივი ბერკეტი და არც ფაქტობრივი მოცემულობა.
მნიშვნელოვანი იყო თვითონ პროცესი, იმიტომ რომ ანდრო არის სახე იმ ათასობით ადამიანის, რომელიც რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე დგას. ეს არის პროტესტის ტალღა, რომელიც იცავს ევროპულ მომავალს და გამოვთქვით ვარაუდი და მოლოდინი, რომ ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ შევხვდებით, ოღონდ ევროპაში რომლისკენაც იღვწის ქართველი ხალხი,“ – განაცხადა მიგინეიშვილმა.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, 10 იანვარს ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 10 პირი პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო მსჯელობდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ბრალდებულებისთვის: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი; გიორგი ტერიშვილი; ირაკლი ქერაშვილი; რევაზ კიკნაძე; სერგეი კუხარჩუკი.
სასამართლო ამ 11 ბრალდებულის საქმეს ერთ წარმოებად განიხილავს.
მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.