PACE-ს მონიტორები ღრმად შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს საკითხებზე მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) და საბინა კუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), ღრმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ” 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
„როგორც ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ თავის ბოლო რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებდა და შეუთავსებელი იქნებოდა ევროპის საბჭოს წევრობასთან“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა და „ქართულ ოცნებას” მოუწოდეს, გადაეხედათ სააპელაციო საჩივარი და შეეჩერებინათ ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა.
თანამომხსენებლები წლის ბოლომდე თბილისში ფაქტების დამდგენი მისიითაც ჩამოვლენ.
28 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩამოთვალა პარტიები, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით მოითხოვენ. ეს პარტიებია: „ენმ“; „ახალი“; „ლელო“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იხელმძღვანელა შემდეგი პრინციპებით:
- რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება;
- რამდენად უქმნის პარტია რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.
პაპუაშვილისვე თქმით, „არ იკვეთება შემდეგი პარტიების აკრძალვის აუცილებლობა“: „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“.
13 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).
ამას გარდა, ოცნებამ 16 ოქტომბერს მიიღო კანონში ცვლილება, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.