PACE-ს საქართველოს მონიტორები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები.
2025 წლის 10-12 ნოემბერს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) და საბინა კუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), ხელისუფლებას მოუწოდეს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად გააუქმოს პირველი რუსული კანონი, ე.წ ფარა, გრანტების შესახებ კანონი და ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც პროტესტის წინააღმდეგ არის მიმართული, ვინაიდან ისინი არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებს და უნდა გაუქმდეს.
მათ ასევე გამოხატეს ღრმა შეშფოთება ბოლოდროინდელ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაიწყეს და რომლებსაც ამის გამო შესაძლოა გაუხანგრძლივდეთ პატიმრობის ვადა.
„ეს ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა განვიხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს შეტანილ სარჩელთან ერთად, რომლითაც მოთხოვნილია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაუქმება. ასეთი ქმედებების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაასრულოს მსგავსი ქმედებები, რომლებსაც ფაქტობრივად შეუძლიათ დიქტატურის დამყარება საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს, ასევე ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.
მათ მოიწონეს ის ფაქტი, რომ მიეცათ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შესაძლებლობა, თუმცა, გამოთქვეს ღრმა წუხილი იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი უთხრეს, ისევე, როგორც უარი მიიღეს მზია ამაღლობელთან შეხვედრაზე.
ვიზიტის დროს თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილს ასამბლეის მოთხოვნებისა და შეშფოთების განსახილველად.