PACE-ს წარმომადგენლები: მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან არჩევნების ლეგიტიმურობა

პუბლიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს სადამკვირვებლო მისიის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE), ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდება, იულიან ბულაი (რუმინეთი, ALDE) ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ისინი მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ არჩევნების ლეგიტიმურობა და ყველა საჭირო ზომა მიიღონ, რათა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა არჩევნებზე დაკვირვება მათ მუშაობაში ჩარევის გარეშე შეძლონ.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იძულებული გახდა, არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, გამოეცხადებინა ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მისი დირექტორი „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“.

ეს, როგორც ჩანს, ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას ადასტურებს, რომ „რეპუტაციის მქონე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება აქვთ, შესაძლოა არჩევნებზე დაკვირვება ვეღარ შეძლონ“. ეს მიუღებელია და საარჩევნო პროცესის დემოკრატიული ხასიათის მიმართ საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის.

ამიტომ, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და ყველა საჭირო ზომა მიიღონ, რათა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა არჩევნებზე დაკვირვება მათ მუშაობაში ჩარევის გარეშე შეძლონ“, – ნათქვამია განცხადებაში.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რომ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან და ხმების დასაცავად ინდივიდუალურ მუშაობას გააგრძელებენ.

TI-ის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.


ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილი იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები.

ორივე ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც აღნიშნეს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ინფორმაციაზე შეშფოთება გამოხატა ევროკავშირის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომაც – მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს სრული პოლიტიკური ოპერატიული დამოუკიდებლობა.