„ვივამედის” კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია და გრძელდება მკურნალობა დაავადებიდან გამომდინარე.
მისი თქმით, ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა დასჭირდეს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა, არასწორია, ვინაიდან ამისთვის საჭირო მონაცემები პაციენტს არ აღენიშნება.
რაც შეეხება შეკითხვას, იკვებება თუ არა სრულფასოვნად მიხეილ სააკაშვილი, ჩხაიძე ამბობს, რომ ის სრულფასოვნად არ იკვებება და იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, მისთვის სასურველ დღეებში და არა ყოველდღე. როგორ ჩხაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, თუ ასე გაგრძელდა, იძულებული იქნებიან, გამოიყენონ, ე.წ. ზონდით კვება.
„მისი დაავადებიდან გამომდინარე, პაციენტს უკეთდება ყველაფერი, ყველა სამკურნალო საშუალება, რაც დღეისთვის გამოიყენება. მოგეხსნებათ, რომ მკურნალობა რთული პროცესია. ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც. ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა იკვებოს სრულფასოვნად. და უნდა ითქვას, რომ სრულფასოვნად არ იკვებება, პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და იმასაც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ – არ [ჭამს].
…თუ ეს გაგრძელდება, შეიძლება ზონდით კვებაზე… მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ლაბორატორიული მონაცემები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოყენებული იყოს ხელოვნური ზონდით კვება. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა – შერჩევითი კვება, შერჩევით დროს, შერჩევით პერიოდში – მაშინ იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ ზონდით კვებაც”, – განაცხადა დირექტორმა.
შეკითხვაზე – შესაძლებელია თუ არა ზონდით კვება იძულებით? – ის პასუხობს: „თუ კვების მიღებას არ გააგრძელებს, მაშინ ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რა თქმა უნდა”.
საქართველოს ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.
„ის კი არა, რომ უარს ამბობს, ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს, უჭირს. მე ხომ ამის მომსწე ვარ“, – განაცხადა მედიასთან გიული ალასანიამ.