პაციენტი, რომელიც ინფიცირებულთა პირველ ხუთეულში შედიოდა, თითქმის გამოჯანმრთელდა - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, უკვე ფაქტობრივად გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელზეც პაატა იმნაძემ ისაუბრა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის ტესტი, რომელიც პაციენტების პირველ ხუთეულში შედიოდა, კორონავირუსზე დღემდე დადებითს აჩვენებს.

„მისი ვირუსის კონცენტრაცია იმდენად უმნიშვნელოა, რომ განსაზღვრა შემდეგ დღეებში შეუძლებელი იქნება და ჩავთვალოთ, რომ უკვე გამოჯანმრთელებულია“, – თქვა ეზუგბაიამ პაციენტის შესახებ.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ამ პაციენტის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. იმნაძემ მაშინ თქვა, რომ კორონავირუსს ჯერ კიდევ ბევრი გამოუცნობი თვისება აქვს. ამის მაგალითია ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც პაციენტების პირველ ხუთეულში შედიოდა, ფაქტობრივად, გამოჯანმრთელდა, მაგრამ ტესტი კორონავირუსზე დღემდე დადებითს აჩვენებს.

„ეს დაავადება ჯერ არის ძალიან გამოუცნობი და ამიტომ ჩვენ ძალიან გვეშინია წინასწარი პროგნოზები. იმავე პოპულაციური იმუნიტეტის შექმნაზე და ა.შ.

ჩვენ გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, პირველ ხუთეულში შედიოდა პაციენტების და დღემდე ის არის დადებითი. მაშინ, როცა იყო რაღაც პერიოდი, როცა თითქმის გაუქრა ვირუსი და გაწერაზეც იყო საქმე.

ეს არის სწორედ ამ ვირუსის ვერაგობა. ადამიანი, რომელიც მორჩენილია, პრაქტიკულად ჯანმრთელია. მას მძიმე ფორმაც არ ჰქონდა, სხვათა შორის, საშუალო სიმძიმის იყო მისი დაავადების მიმდინარეობა, მაგრამ დღემდე ის არის დადებითი“, – თქვა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.