პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, რჩება კლინიკაში - ექიმი ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას დაშავებულზე

პუბლიკა

კლინიკაში რჩება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან დაშავებული პირი. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის, ბეჟან ხოზრევანიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.

დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც თბილისში გუდაურის კლინიკიდან გადმოიყვანეს.

„პაციენტი სამშენებლო-საგზაო სამუშაოების დროს მოყვა ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ. ამ ეტაპის მდგომარეობით, ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, პოლიტრავმის რეჟიმში. ამ ეტაპის მონაცემებით, თავის, გულ-მკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. ჯერჯერობით, ჩვენს კლინიკაში რჩება ინტენსიური მკურნალობისა და მეთვალყურეობის ქვეშ“, – თქვა ექიმმა ბეჟან ხოზრევანიძემ.

23 ნოემბერს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა. ისინი, უწყების განცხადებით, თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები არიან. დეპარტამენტის განცხადებითვე, ჩამოშლილი მასის ქვეშ ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ერთი პირი კი გადაყვანილია კლინიკაში.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.