პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, პაციენტს, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 29 აპრილის შემდეგ კორონავირუსი აღარ უდგინდებოდა, მაგრამ თანმხლები მძიმე დაავადებების ფონზე მდგომარეობიდან ვეღარ გამოვიდა.
„ეს იყო 81 წლის ქალი, რომელიც ჩვენთან შემოვიდა 12 აპრილს, ქართულ-გერმანული კლინიკიდან, აპარატულ სუნთქვაზე კორონადადასტურებული. იყო უმძიმესი პაციენტი და ჩვენთან მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში.
29 აპრილს ორჯერადმა ტესტირებამ აჩვენა, რომ პაციენტს კორონავირუსი უკვე აღარ ჰქონდა, თუმცა ჰქონდა ძალიან მძიმე ქრონიკული დაავადებები – არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის უკმარისობა, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა ფილტვების ორმხრივი დაზიანებით, სეფსისი, სეპტიცემია, პოლიორგანული უკმარისობა და საბოლოოდ, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გულის გაჩერებით გარდაიცვალა. იყო უმძიმესი ქალბატონი და, სამწუხაროდ, ვეღარ შევძელით მისი განკურნება“, – უთხრა ლალი ტურძელაძემ „პუბლიკას“.
დღეს გარდაცვლილი ქალი საქართველოში მე-12 პაციენტია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა.