პალესტინაში აცხადებენ, რომ ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC წერს, რომ ისინი ესაუბრნენ საავადმყოფოში მომუშავე ექიმებს. მათი თქმით, ალ აჰლის ბაპტისტური საავადმყოფოს დაბომბვას, რომელშიც ასობით პალესტინელი მკურნალობდა, მის მიმდებარე ტერიტორიას კი ათასობით ადამიანი აფარებდა თავს, მოჰყვა დიდი ნგრევა და მსხვერპლი. უცნობია, ჯერ კიდევ რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი. ამჟამად საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობასა და გადარჩენილთა გამოყვანას ცდილობენ.

ჰამასი საავადმყოფოს დაბომბვას „გენოციდსა“ და „ომის დანაშაულს“ უწოდებს და თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს.

ისრაელის ხელისუფლებაში კი არ ადასტურებენ, რომ საავადმყოფო მათ დაბომბეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ალ აჰლის საავადმყოფო არ ყოფილა მათი სამიზნე და თავდასხმის შესახებ დეტალების გარკვევას ცდილობენ.

ალ აჰლის საავადმყოფოს ქრისტიანული ანგლიკანური ეკლესია აფინანსებდა. მათ დაგმეს თავდასხმა და განაცხადეს, რომ მომხდარს გამართლება არ აქვს. საავადმყოფოს დაბომბვა დაგმო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც.

საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. BBC წერს, რომ აბასმა გააუქმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაც.