„პალიტრა მედია“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდა.
მათივე განცხადების მიხედვით, აუცილებელია აქციების დაშლისას სამართალდამცავთა ნაწილის მხრიდან მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი უსაფუძვლო სისასტიკისა და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტების გამჭვირვალედ გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, ასევე დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება.
„ბოლო დღეების განცხადებებმა და მოვლენებმა საქართველო დააყენა დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის – მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა – აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე სცენარით განვითარების შემთხვევაში.
„პალიტრამედია“ მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ესკალაციის ახალი ტალღა არ მივიღოთ.
მიგვაჩნია, რომ დეესკალაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე გამართული აქციებისას დაკავებული უდანაშაულო ახალგაზრდების გათავისუფლება, რადგან მათი უდიდესი ნაწილის პროტესტი აბსოლუტურად გულწრფელი იყო.
ასევე, აუცილებლად ვთვლით აქციების დაშლისას სამართალდამცავთა ნაწილის მხრიდან მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი უსაფუძვლო სისასტიკისა და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტების გამჭვირვალედ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.
პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდა. არსებობს ეჭვი, რომ ამ ანგარიშსწორებას მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა, რადგან ნაცემი ჟურნალისტების იდენტიფიცირება ადვილია ბეიჯით, ვიდეოკამერით, ფოტოაპარატითა თუ სხვა ატრიბუტიკით. შევახსენებთ შესაბამის ორგანოებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საერთაშორისო კონვენციებით ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.
„პალიტრამედია“ მიიჩნევს, რომ სწრაფად უნდა იყოს მიღებული ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყანას ცხოვრების ჩვეულ რიტმში დააბრუნებს. საერთაშორისო პრაქტიკაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან შედარებით უმტკივნეულო გამოსვლის პრეცედენტები და მსგავს ბერკეტებს საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს. მძიმე სცენარი, პირველ რიგში, იმ ქვეყნის წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და ელოდება მომენტს, რათა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე გადამწყვეტი იერიში მიიტანოს.
რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ პროცესი უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს – საქართველოს ევროინტეგრაციას.
საქართველო ევროპაა!“, – ნათქვამია განცხადებაში.