პანდემია და მედიისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა | მედიაგარემო საქართველოში

პუბლიკა

ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა — ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მედიისთვის 2020 წელს, რომელიც კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ყოველწლიურ ანგარიშში შეიტანა. დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ძირითადი პრობლემა და გამოწვევა, რის წინაშეც ქართველი ჟურნალისტები და მედიაში მომუშავე პირები 2020 წელს დადგნენ.

„მედიის ადვოკატირებისთვის“ წერს, რომ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა აბრკოლებს კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რაც განსაკუთრებულად პრობლემური გახდა Covid 19-ის პანდემიის პირობებში – როდესაც ჟურნალისტებს უწევთ მეტი ბრძოლა ინფორმაციის მისაღებად.

ანგარიში ცალკე აფასებს „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს“. დოკუმენტში ჟურნალიტების გამოცდილებაზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ NCDC-ის კომუნიკაციების სამსახური ხშირად არ პასუხობს მათ ზარებსა და ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებებს.

„ჟურნალისტთა უფლება საჯარო ინფორმაციაზე წვდომასა და სახელმწიფო მოხელეებისგან ინფორმაციის მიღებაზე წლების მანძილზე შეზღუდულია. საჯარო უწყებების მიერ ინფორმაციის გაცემა ჭიანურდება, ხშირად სცდება კანონით დადგენილ ვადებს, ჟურნალისტებისთვის მიწოდებული მონაცემები ხშირად არასრულია ან საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა შენიღბულია პირადი მონაცემების დაცვისა თუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მიზეზით“ – წერია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებისთვის და ონლაინ საინფორმაციო საშუალებებისთვის ინფორმაციაზე წვდომა პრობლემას წარმოადგენს. მათივე თქმით, ონლაინმედიისაგან განსხვავებით, მაუწყებლებისთვის შედარებით ადვილია ყოველდღიური ახალი ამბების მოსამზადებლად ინფორმაციის მოპოვება.

თუმცა, კოალიციის განცხადებით, როდესაც საჭირო ხდება ინფორმაცია საგამოძიებო სიუჟეტებისთვის გარკვეულ თემებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის არ არის გამჟღავნებული, სახელმწიფო მოხელეები და ინსტიტუტები ცდილობენ გაართულონ
ინფორმაციის მოპოვების პროცესი.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ამბობს, რომ Covid 19-ის აფეთქებამ და მისმა უარყოფითმა გავლენამ ქვეყანაზე გაზარდა მოქალაქეთა დამოკიდებულება საინფორმაციო საშუალებებზე – ინფორმაციის დეფიციტი ჟურნალისტებისთვის კი, ქმნის ინფორმაციულ ვაკუუმს მოქალაქეებისათვის.

„წინასაარჩევნო პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ონლაინმედიის საჭიროებების უგულებელყოფა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და კომენტარზე უარის თქმა სამთავრობო უწყებების მიერ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კომუნიკაციების სამსახური მათ შორისაა, რომლებთანაც, როგორც ზოგიერთი ონლაინმედიის წარმომადგენელი ამბობს, რთულია კომუნიკაცია. ზოგიერთი ჟურნალისტის თქმით, კომუნიკაციების სამსახური არ პასუხობს მათ სატელეფონო ზარებს და ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებებს, ან მათ მიუთითებენ, რომ ინფორმაცია მიიღონ ტელევიზორიდან,“ – ნათქვმია ანგარიშში.

მათივე განცხადებით, ინფორმაციის მიღების პრობლემა აგრეთვე დაკავშირებულია გარკვეულ საჯარო და სახელწიფო უწყებებთან. ტრადიციულად, ყველაზე რთულია ინფორმაციის მიღება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან.

ცალკე პრობლემად სახელდება მმართველი პარტიის წევრების მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა, რასაც ხშირად ემატება ჟურნალისტის მიმართ გამოხატული აგრესიის საკითხიც.

„მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში აჭარაში, ხელვაჩაურის მერმა უცენზურო სიტყვებით მიმართა ონლაინ გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტს სამსახურის მანქანის არამიზნობრივად გამოყენებისა და წინასაარჩევნო შეხვედრაში მონაწილეობის თაობაზე დასმული შეკითხვის გამო“, – წერს კოალიცია.

მათივე განცხადებით, პრობლემურია ასევე ის, რომ კანდიდატები მმართველი პარტიიდან გაურბიან კრიტიკული მაუწყებლების მიერ გამართულ ტოკშოუებში მონაწილეობას. ანგარიშის მიხედვით, ისინი უარს ამბობენ „მთავარ არხთან“, „ფორმულასთან“, „ტელეკომპანია პირველთან“ და „კავკასიასთან“ თანამშრომლობაზე.

შედეგად, ეს ტელეკომპანიები დიდ სირთულეებს აწყდებიან, რათა დააკმაყოფილონ პოლიტიკური დებატების ჩატარების სავალდებულო მოთხოვნები, სადაც თუ ყველამ არა, კანდიდატების უმეტესობამ მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების წინ.

COVID 19-ის კრიზისის პერიოდში და იმ დროს, როდესაც ქვეყნის ინტერესი დისტანციური სწავლებისა და სწავლის მიმართ გაზრდილია, ზოგი ჟურნალისტი ამბობს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ასევე ხელმიუწვდომელია.

ანგარიშისვე მიხედვით, ჟურნალისტები ამბობენ, რომ მოთხოვნები ინფორმაციის მიღებაზე ონლაინ და ინკლუზიური განათლების შესახებ COVID 19-ის პერიოდში უგულებელყოფილი იყო. როგორც კოალიცია ამბობს, სამინისტრომ ერთ-ერთ მედიაორგანიზაციას მიაწოდა არასრული ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ჟურნალისტთა განმეორებით შეკითხვებზე სამინისტროს წარმომადგენლებს არ უპასუხიათ.

„ასევე „ტელეკომპანია პირველმა“ ეთერში გაუშვა საგამოძიებო სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა თბილისის მერის ოჯახის ფეშენებელურ ავტომობილს. მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემოიღო ცვლილებები ოფიციალურ დებულებაში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ და შეზღუდა უფლებამოსილების ორგანოები, რომელთაც შეუძლიათ მოითხოვონ საჯარო ინფორმაცია თანამდებობის პირების მფლობელობაში არსებული ავტომობილების სამართლებრივი სტატუსის შესახებ“, – წერს კოალიცია.

გამომძიებელ ჟურნალისტებს რთული ბარიერების გადალახვა უწევთ ინფორმაციის მოსაპოვებლად. გამომძიებელ ჟურნალისტთა მცირე ჯგუფი „სტუდია მონიტორში“ ამბობს, რომ ექვსი მოთხოვნიდან, რომელიც მათ გააგზავნეს მუნიციპალურ თუ სამთავრობო უწყებებში, მხოლოდ ორი იქნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებული. დანარჩენი უპასუხოდ დარჩა. ამგვარი პრაქტიკა ზეგავლენას ახდენს გამომძიებელ ჟურნალისტთა მუშაობის ხარისხსა და სანდოობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები ყველაზე მეტად საჭიროებდნენ ინფორმაციის მიღებას და დაკვალიანებას არჩევნების წინ და COVID 19-ის პერიოდში, როგორც ვხედავთ, არ გამოვლენილა საკმარისი პოლიტიკური ნება მთავრობის მხრიდან მედიასთან კომუნიკაციის დროულობის და ეფექტურობის გაუმჯობესების კუთხით. საჯაროობისა და გამჭვირვალობისთვის აუციელებელი სამართლებრივი ბაზის არსებობის მიუხედავად, როგორც ჩანს, სახელმწიფო მოხელეებს სათანადოდ არ აქვთ გააზრებული, თუ რას ნიშნავს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება“, – წერს კოალიცია „მედიის ადვოკატირება“ ანგარიშის დასკვნის სახით.