საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა ტურისტული ნაკადების ზრდის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 172 333 შეადგინა, რაც 222.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა კი 2020 წელთან შედარებით 161.9%-ით გაიზარდა.
„როგორც იცით პანდემიამდე არსებული საჰაერო სიხშირეების 57% უკვე აღდგენილია. მატულობს ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ასრულებენ რეისებს საქართველოს მიმართულებით. შესაბამისად, იზრდება საჰაერო გზით შემოსული ტურისტების რიცხვი.
1 ივნისიდან ტურისტებს საქართველოში შემოსვლა უკვე სახმელეთო გზითაც შეუძლიათ, როგორც ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი საბუთით, ასევე PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. ჩვენი მოლოდინი მაღალია. უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად ვახორციელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
უსაფრთხო ტურისტულ პროდუქციაზე ორიენტირებული კამპანია, შემსუბუქებული რეგულაციები, გახსნილი სახმელეთო საზღვარი და გაზრდილი ავიარეისების რაოდენობა კომპლექსურად ხელს უწყობს რაც შეიძლება მალე მივიღოთ მეტი საერთაშორისო მოგზაური საქართველოში“, -განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.