„ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც განიცდიან ოჯახში ძალადობას, სექსუალურ ძალადობას, იძულებით ქორწინებას, სახლი არ არის უსაფრთხო ადგილი“, – ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებენ, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საგანგებო მდგომარეობის დროს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ასევე მომხდარ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
„COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების დასაცავად მათ სახლში დარჩენა უწევთ, რითაც მოძალადეები სარგებლობენ და შექმნილ ვითარებას მსხვერპლის საწინააღმდეგოდ, მათზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებენ“ , – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალადობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისათვის ორგანიზაციებს იმაზე მეტი ქალი დაუკავშირდა, ვიდრე ეს სხვა დროს ხდებოდა.
„საერთაშორისო გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ პანდემიის დროს ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა დამატებითი გამოწვევაა, რასაც სახელმწიფომ ეფექტიანი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს.
საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული ზომები ამცირებს მსხვერპლის დასახმარებლად ადვოკატების ჩართულობის შესაძლებლობებსაც, რაც ქალებისა და გოგოებისათვის დამატებითი ბარიერია მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად“, – წერია განცხადებაში.
მათი თქმით, მსხვერპლისთვის დამატებით რისკს წარმოადგენს ისიც, რომ პანდემიის გამო პრობაციონერები (მათ შორის ისინი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ოჯახური დანაშაულისათვის), თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან“.
მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ:
„მიღებულ იქნას დროებითი პროცედურები, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის დროს მსხვერპლს ექნება შესაძლებლობა, ადვოკატის ჩართულობით დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მისცენ ჩვენება/ახსნა-განმარტება.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოხდეს იმ წესების ადაპტირება, რომლებიც მსხვერპლს და ადვოკატს მისცემს შესაძლებლობას, დისტანციურად იყვნენ ინფორმირებულნი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნონ საქმის მასალებს.
სადაც ეს შესაძლებელია – დისტანციურად მოხდეს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში.
ასევე, მივმართავთ:
– საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს – გააკეთონ მკაფიო საჯარო მოწოდებები, რომ პანდემიის დროს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევები არ დარჩება რეაგირების გარეშე;
– შინაგან საქმეთა სამინისტროს – გაააქტიუროს საჯარო კომუნიკაცია იმ სერვისების შესახებ, რომლითაც მსხვერპლს შეეძლება ისარგებლოს, მათ შორის შეტყობინებების გაგზავნის სერვისთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენაზეც. ასევე, პოლიციის თანამშრომლებს მიეცეთ შესაბამისი ინსტრუქცია, ძალადობის მსხვერპლის მხრიდან კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში (21:00-6:00 საათის პერიოდში) არ მოხდეს მათი დაჯარიმება.
– ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – მიიღოს (ან არსებობის შემთხვევაში – გამოაქვეყნოს) პროტოკოლი, სადაც გაწერილი იქნება, როგორ ხდება თავშესაფარში მყოფ და ახალმისულ მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვა COVID-19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად. ასევე, მშობლის დაინფიცირების შემთხვევაში, როგორ ხორციელდება თავშესაფარში მოთავსებულ ბავშვზე ზრუნვა.
– იუსტიციის სამინისტროს – განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკების შემცირების მიზნით, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები იმ პრობაციონერთა მიმართ, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ოჯახური დანაშაულისათვის“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
კავშირი ,,საფარი“
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)