პანდემიის დროს სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის განახევრების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება

პუბლიკა

პანდემიის დროს სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის განახევრების მოთხოვნით, პეტიცია ვრცელდება.  ამ დროისთვის პეტიციას 9028 ხელმომწერი ჰყავს.

ახალგაზრდები მოითხოვენ: 1) პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო, განახევრდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გადასახადი; 2) სტუდენტებს აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი.

„სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა, რის უმთავრეს გამომწვევ მიზეზს ფინანსური პრობლემა და, აქედან გამომდინარე, დაგროვილი სტუდენტური გადასახადი წარმოადგენს. 2020 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 59076 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 19874 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.6%-ია, სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული. სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპანდემიის პირობებში.

ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ამის მიუხედავად, დღეს არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ. სწორედ ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებულნი არიან უარი თქვან განათლებაზე. განათლების უფლება კი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა“, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

დღეს მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ სტუდენტებთან ერთად სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების დარეგულირების მიზნით პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანს მიმართა. მიმართვა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანას შეეხება.

ანა დოლიძის მიმართვის ორი ძირითადი მოთხოვნაა: პანდემიისგან გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში 2020-2021 სასწავლო წლისთვის სასწავლო გადასახადის განახევრება და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის 2019-2020 სასაწავლო წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტუდენტის სტატუსის აღდგენა.