პანდემიის გავლენა ქალებზე ყველა სფეროში უფრო მწვავეა - გაეროს კვლევა

პუბლიკა

გაეროს პოლიტიკის კვლევის დოკუმენტის „COVID-19-ის გავლენა ქალებზე“ მიხედვით, COVID-19-ის გავლენა ქალებსა და გოგოებზე ყველა სფეროში უფრო მწვავეა, იქნება ეს ჯანდაცვა, ეკონომიკა, უსაფრთხოება თუ სოციალური დაცვა:

ეკონომიკური გავლენა განსაკუთრებით მძიმეა იმ ქალებსა და გოგოებზე, რომელთაც ზოგადად აქვთ ნაკლები შემოსავალი, ნაკლები დანაზოგი და არასტაბილური სამსახური, ან იმყოფებიან სიღარიბის ზღვართან ახლოს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ინფორმაციით, COVID-19-ის შედეგად უფრო მეტი კაცი იღუპება, ვიდრე ქალი, ქალთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს რესურსებისა და პრიორიტეტების გადანაწილება, მათ შორის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებების მიმართულებით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაიზარდა აუნაზღაურებელი შრომის მაჩვენებელი, რაც უკავშირდება ბავშვების სახლში ყოფნას სკოლების დახურვის გამო, ხანდაზმული პირების მოვლის საჭიროებასა და გადატვირთულ სამედიცინო სერვისებს.

„COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვებისა და სოციალური იზოლაციის, ეკოლოგიური და სოციალური სტრესის შედეგად, საგრძნობლად იზრდება გენდერული ნიშნით ძალადობა. ბევრი ქალი იძულებულია, იცხოვროს მოძალადესთან ერთად მაშინ, როდესაც დაზარალებულთა დახმარების სერვისები შეფერხებული ან მიუწვდომელია“, – აღნიშნულია გაეროს პოლიტიკის კვლევის დოკუმენტში.

დოკუმენტის ქართული თარგმანი სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა.