პანდემიის მართვა „გაგვექცა“ პირველ წელთან შედარებით - თენგიზ ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, არ იზიარებს შეფასებას, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია კარგად ვერ მართეს. ცერცვაძის თქმით, პანდემიის მართვა „გაგვექცა“ მხოლოდ მის პირველ წელთან შედარებით.

„პირობითია ყველაფერი. როცა ვამბობთ გაგვექცა – გაგვექცა პირველ წელთან შედარებით. მაგრამ როცა ხელისუფლება ამბობს, რომ კარგად მართავს, გულისხმობს, რომ დანაკარგი შეიძლებოდა ყოფილიყო მეტი, რომ ემართათ ცუდად“, – თქვა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, NDI-ის ბოლო სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 50% პანდემიის მართვას დადებითად აფასებს, რაც ამყარებს მის მოსაზრებას, რომ პანდემია მთლიანობაში კარგად მართეს.

„50% აფასებს, რომ დადებითად მართავდნენ და მხოლოდ 43% იწუნებს. ამ 43%-შიც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ანგაჟირებული და ჩასაფრებული ადამიანია. ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცენტი საუკეთესოა, მაგრამ არც ცუდია“, – თქვა ცერცვაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, როგორ აფასებენ პანდემიის მართვას უშუალოდ დარგის სპეციალისტები, რადგან ინფექციის გავრცელება „გაგვექცა“, ხოლო ვაქცინაცია ჩავარდა, ცერცვაძე პასუხობს, რომ ამას არ ეთანხმება.

„ვაქცინაციის პროცესი ჩაგვივარდა, სწორი არ არის. „ჩაგვივარდა“ იქნებოდა, სულ რომ ვერ გაგვეკეთებინა. სადღეისოდ აცრილია ორჯერადად მილონ ორასი ათასი კაცი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის ნახევარზე ცოტა ნაკლები და სრული მოსახლეობის მესამედი. ამას მთლად ჩავარდნას ვერ დავარქმევ, სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებში ორი მესამედია. ანუ ჩვენ ვერ მივაღწიეთ სამიზნე რიცხვებს.

„პანდემიის მართვა გაგვექცა“ – ესეც პირობითია. გაგვექცა პირველ წელთან შედარებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაგვქცევია აბსოლუტური გაგებით.

რაც შეეხება კლინიკურ სექტორს, ვინც უნდა დამიჯდეს დებატებში, კლინიკურ სექტორში პაციენტების ნაკადების მართვა და ავადმყოფების მკურნალობა ხდება უმაღლეს დონეზე. იყო ერთადერთი პერიოდი მეოთხე პიკის დროს, როცა იყო ორკვირიანი აურზაური.

120 000 აქტიური ავადმყოფი გვყავს, გულწრფელად მითხარით, ბევრი გაგიგიათ შემთხვევა, რომ ვინმე დარჩა უპატრონოდ, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე?“ – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, განვითარებული ქვეყნების ნაწილშიც, მათ შორის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჰოსპიტალური სექტორი ბევრად უფრო გადატვირთულია. ხოლო საქართველოში ჯერ კიდევ თავისუფალია საავადმყოფოებში საწოლების 40%.