პანდემიის პირობებში დღიური მომართვიანობა 112-ში დაახლოებით 31%-ით შემცირდა - არსოშვილი

პუბლიკა

„ბოლო მონაცემებით 112-ში არის საკმაოდ დადებითი ტენდენცია, პანდემიის პირობებში დღიური მომართვიანობა დაახლოებით 31%-ით შემცირდა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა, მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

როგორც არსოშვილმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში 112-ზე მომართვიანობის კლების ტენდენციაა, ყველაზე დაბალი მომართვიანობა დაფიქსირდა 20 დეკემბერს, დაახლოებით 10 000 ზარი, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, ცოტა ხნის წინ, 30 000-მდე ზარი შედიოდა.

„ჩვენ გავხსენით დამატებითი, ალტერნატიული ცენტრი. ამ ცენტრშიც ხდებოდა ასევე ზარების მიღება. მეორე რაც გაკეთდა – ყველა თანამშრომელი გადაყვანილი იქნა განსაკუთრებულ ცვლებში. ასევე, რაც გაკეთდა – დაემატა ოპერატორები და 200 ოპერატორი დაემატა პანდემიის ფარგლებში 112-ს. ასევე გაძლიერდა სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურა, რათა თითოეულ მოქალაქეს შეუფერხებლად შეძლებოდა დაკავშირება 112-თან. ასევე, 112 დაიყო სამ არხად: 112, 112-1 და 112-2, რათა რაციონალურად მომხდარიყო სატელეფონო ზარების გამოყენება“, – აღნიშნა არსოშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიური ფონისა და მიუხედავად მაღალი მიმართვიანობისა, 112 არამიზნობრივი ზარები არ შემცირებულა და ყოველდღიურად მომართვიანობა 112-ში დაახლოებით 30%-ია.

„რაც შეეხება ბოლო ტენდენციებს, მინდა გითხრათ, რომ ბოლო ტენდენცია 112-ში არის საკმაოდ დადებითი. ვინაიდან შემცირებული არის მომართვიანობა, როგორც სასწრაფო სამედიცინო ხასიათის გამოძახებებზე, ასევე კოვიდ კონსულტაციებთან დაკავშირებით – მომართვიანობა შემცირებულია დაახლოებით 38%-ით. ასევე მომართვიანობა შემცირებული გვაქვს საშუალოდ, დღიური მომართვიანობა დაახლოებით 31%-ით და რაც ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დაბალი მომართვიანობა დაფიქსირდა უკვე 20 დეკემბერს, დაახლოებით 10 000 ზარი იყო მხოლოდ, მაშინ როდესაც პანდემიის პირობებში, ჩვენ ვღებულობდით 27 000 და 30 000 ზარსაც“, – აღნიშნა „112“-ის დირექტორმა.

გიორგი არსოშვილის თქმით, დარმუნებულია და იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია იქნება შენარჩუნებული და უფრო ნაკლებ მოქალაქეს დასჭირდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.