პანდემიის პირობებში, მოწყვლადი ჯგუფები სახელმწიფოს მხრდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ - სოფო კილაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, ფეისბუქის პირად გვერდზე ტრანსგენდერი ქალის თავის დაწვის მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა:

„ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პანდემიის პირობებში, მოწყვლადი ჯგუფები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ.
მინდა, მივმართო ტრანსგენდერებს: დახმარებისთვის მიმართეთ თვითმმართველობებს, რომლებიც ახლა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველა შესულ განცხადებაზე უსწრაფესად რეაგირებენ“, – წერს კილაძე.

„იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საჭიროებთ გადაუდებელ დახმარებას და ვერ მიიღებთ მას, აუცილებლად მიმართეთ კომიტეტს, ან მომმართეთ მე პირადად სოციალურ ქსელში“, – აღნიშნა მან.


გუშინ ტრანსგენდერმა ქალებმა ქალაქის მერიის შენობასთან აქცია გამართეს და ხელისუფლებას ტრანსგენდერი ქალების დახმარებისკენ მოუწოდეს. აქციის ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან განაცხადა, რომ ის ტრანსგენდერი ქალია და ამ გზით აპროტესტებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ტრანსგენდერი ქალების მიმართ.

მათი თქმით, პანდემიის გამო შემოსავალი აღარ აქვთ და ბინის ქირის გადახდასაც კი ვეღარ ახერხებენ.