პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში სხვა ეკონომიკურ სუბიექტებთან ერთად გარკვეული შეღავათებით კვების ობიექტებიც ისარგებლებენ, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რესტორნები და კვების სხვა ობიექტები საკვებს ადგილზე გასცემენ ან მიწოდების სერვისს მიმართავენ და სტუმრებს ვერ მასპინძლობენ. შესაბამისად, ამ პერიოდში მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის იქნება, რაც რვაჯერ ნაკლებია.
„რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებიც საერთოდ ვერ მუშაობენ, შეუძლიათ, განცხადებით მიმართონ „თბილსერვის ჯგუფს“ და ამ პერიოდში მთლიანად მოეხსნებათ დასუფთავების მოსაკრებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, გარკვეული შეღავათები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურებსაც შეეხებათ.
„თუ ამ ობიექტებს გასული აქვთ საიჯარო ან არქიტექტურული ნებართვის ვადა, რაზეც ეკისრებათ ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით, მათ ეს ორივე ვადა პირველ ივლისამდე გაუგრძელდებათ. ამის შესახებ უკვე მივმართეთ ცენტრალურ მთავრობას და დიდი იმედი მაქვს, რომ მათგან მხარდაჭერა და თანადგომა იქნება. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, ეს შეღავათი ეხება იმ სამეწარმეო სუბიექტებს, რომლებიც საქმიანობას მუნიციპალიტეტისგან იჯარით აღებულ მიწებზე ახორციელებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, საზოგადოებას აღნიშნული შეღავათების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.