გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, პანდემიის შედეგად მსოფლიოში შიმშილობის მაჩვენებელი შეიძლება დრამატულად გაიზარდოს.
გუტერეშის თქმით, მსოფლიოში, დღეის მდგომარეობით, 820 მილიონი ადამიანი შიმშილობს, მათ შორის 144 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვია. კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეს რიცხვი შეიძლება 49 მილიონით გაიზარდოს.
„იმ შემთხვევაში, თუ მყისიერ ზომებს არ მივმართავთ, ძალიან ცხადია, რომ მსოფლიოში საჭმლის გლობალური კრიზისი გვექნება, რომელსაც გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება ასობით მილიონი ბავშვისა და ზრდასრულისთვის“, – განაცხადა გუტერეშმა.
ამ დრამატული სცენარის თავიდან ასაცილებლად ანტონიო გუტერეშმა ქვეყნებს ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავაშენოთ მეტად ინკლუზიური და მდგრადი მსოფლიო. ჩვენ უნდა შევქმნათ ჯანსაღ საკვებზე მეტად ინკლუზიური წვდომის შესაძლებლობები, რაც მშრომელთა და მწარმოებელთა ინტერესებს წაადგება”, – განაცხადა გუტერეშმა.