პანდემიისას საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4%-ით გაიზარდა | მსოფლიო ბანკი

პუბლიკა

მსოფლიო ბანკის პროგნოზით,  მიმდინარე წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოსალოდნელია 3.6%-იანი ეკონომიკური ზრდა.

ინფორმაცია მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკურ ბიულეტენშია მოცემული.

მსოფლიო ბანკში ამბობენ, რომ COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2%-იანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4%-ით გაიზარდა.

„სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ფისკალურმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა, ფისკალურ და საგარეო სავაჭრო ბალანსზე კრიზისის ზეწოლის პირობებში. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4%-ით, ხოლო 2022 წელს 5%-ით  გაიზრდება.

ეკონომიკის გაუმჯობესების მიუხედავად, მთლიანი გამოშვება COVID-19-მდე არსებულ დონემდე  2022 წლის ბოლომდე ვერ აღდგება, რასაც დიდწილად განაპირობებს საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივაზე არადამაიმედებელი პროგნოზები. ეკონომიკის აღდგენა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული რისკებზე, მათ შორისაა – გაჭიანურებული ვაქცინაცია,  დამატებითი შეზღუდვები, გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრება და გახანგრძლივებული პოლიტიკური დაძაბულობა“, – ამბობენ მსოფლიო ბანკში.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, გასულ წელს COVID-19-ით გამოწვეული 2-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნის შემდგომ, 2021 წლის ზრდა კვლავაც შენელებულია. შარშანდელი ვარდნა მოსალოდნელზე მცირე აღმოჩნდა რეგიონის ორი უმსხვილესი ეკონომიკის გამო – თურქეთმა შედარებით სწრაფი აღდგენა შეძლო, ხოლო რუსეთმა შოკისადმი მდგრადობა გამოავლინა.

„აღმავალმა მრეწველობამ, ექსპორტზე მოთხოვნის მატებამ, მზარდმა სასაქონლო ფასებმა და ფისკალურმა და მონეტარულმა მხარდაჭერამ  ხელი შეუწყო აღნიშნული შედეგის დადგომას. ამავე დროს, მძიმე დარტყმა მიადგა ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მეტწილად მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებზე არიან დამოკიდებულნი. სოციალური დისტანცირების აუცილებლობამ და მობილობის შეზღუდვამ განაპირობა ამ სფეროებში უარყოფითი ზემოქმედების შენარჩუნება“, – ამბობენ მსოფლიო ბანკში.