პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან სრულად ვმართავთ სიტუაციას - გახარია

პუბლიკა

მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ კოვიდ 19-ის გავრცლების გამო შემოღებული ახალი შეზღუდვების შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გახარიას თქმით, იმისთვის, რომ ვირუსთან საბრძოლველად ხელისუფლების სტრატეგია შესრულდეს, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების დაწესება იქნება საჭირო.

„როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ჩვენ ვვარაუდობდით შემოდგომას და ახლა ეს პროცესი იწყება. მთავარია, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან სრულად ვმართავთ სიტუაციას. მოგეხსენებათ, ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობამ დროულად და სწრაფად გადადგა ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ვირუსის გავრცელების რისკების მართვა, ისევე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური ცხოვრების ადაპტაცია ერთობლივად, ვირუსის მართვის პირობებში.

მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეში დაახლოებით 150 „პისიარ“ ტესტს აკეთებდა. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, საშუალო, ექვსი-შვიდი ათასი ტესტი გააკეთოს და სულ მალე შესაძლებელი იქნება, 10 000 ტესტის გაკეთება. სიტუაცია არის სრულად კონტროლის ქვეშ და პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. იმისთვის, რომ ჩვენ მიერ არჩეული სტრატეგია – სწრაფი გავლენა, სწრაფი მკურნალობა და ინფიცირებული ადამიანის სოციალ-ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება – შესრულდეს, გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, რაც არ არის ადამიანის საბაზისო მოთხოვნები“, – განაცხადა გახარიამ.