ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ მოსახლეობამ არ უნდა დაივიწყოს, რომ „ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს“. ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმყოფებით პრეკრიზისულ ფაზაში, ანუ ეს არის ყველაზე რთული პერიოდის წინა ეტაპი, ვფიქრობ, მაჩვენებლები მეტყველებს, რომ ჩვენ მივდივართ სტაბილურად, პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია, რომ დავიცვათ დისტანცია ერთმანეთსაგან – არის ყველაზე მძლავრი იარაღი იმისათვის, რომ ჩვენ კორონავირუსი დავამარცხოთ და ნაკლები ზიანით გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია არ დაგვავიწყდეს, დანარჩენი რეგულაციები რაც იქნება მას გაგაცნობთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.
შეკითხვაზე ხომ არ იგეგმება საყოველთაო კარანტინის გამოცხადება ქვეყანაში, ხუნდაძე პასუხობს, რომ რა შესაძლო სცენარითაც განვითარდება მოვლენები, გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება.