პანკისში მამა-შვილის ცემის საქმეზე 2-ს პატიმრობა, ერთს გირაო შეუფარდეს

პუბლიკა

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პანკისში მამისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული სამი პირიდან, ორი – პატიმრობა, ხოლო არასრულწლოვანს გირაო შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით. ინფორმაციას „პანკისის სათემო რადიო“ ავრცელებს. 

გუშინ, პროკურატურამ პანკისში დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ცემისთვის ი.ფ-ს, ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. შორტებში ჩაცმულ ნ.წ-ს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა მის ადათ-წესებს, ფიზიკურად გაუსწორდა. ამასთან, ი.ფ-მ, ა. ბ-მ და ა.ი-მ იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს ნ.წ-ს არასრულწლოვან შვილს გ.წ.-საც. აღნიშნულის შედეგად მამა-შვილმა – ნ.წ.-მ და გ.წ.-მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის ნ.წ.-მ – სხივის ძვლის მოტეხილობა.