პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულმა ბადურ ჩოფანაშვილმა საპატიმრო დატოვა

პუბლიკა

ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებულმა, პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრმა, ბადურ ჩოფანაშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reginfo-ს ჩოფანაშვილის ძმა უდასტურებს.

ბადურ ჩოფანაშვლი და მასთან ერთად 3 პირი – ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი და რამაზ მარგოშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის 26 დეკემბერს, დუისსა და ომალოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სუსი აცხადებდა, რომ დაკავებული პირები, ისევე, როგორც თემირლან მაჩალიკაშვილი, დაკავშირებულები იყვნენ 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებთან – ეხმარებოდნენ ტრანსპორტირებაში, საქართველოში უკანონო შემოსვლაში, უზრუნველყვეს თბილისში მისი ჩამოყვანა, დაეხმარნენ საცხოვრებლისა და იარაღის მოძიებაში.

ბადურ ჩოფანაშვილისა და ზურაბ გორნაკაშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რადგან ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ.

პროკურატურას საპროცესო შეთანხმების პირობები უკვე შეთანხმებული ჰქონდა და ორივე ბრალდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი უნდა შეფარდებოდა, თუმცა საბოლოოდ, გორნაკაშვილმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა.

2018 წლის 7 სექტემბერს ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ მზად იყო საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად.

ბადურ ჩოფანაშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი მსჯავრდებულები არიან წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევაში, ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.

ზურაბ გორნაკაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ბადურ ჩოფანაშვილს, აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, საპროცესო შეთანხმება გაუფრომდა, რომლის საფუძველზეც ჩოფანაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც 3 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით.