პანსიონი დატოვეს იმ აღმზრდელებმა, რომლებშიც რისკებს ვხედავდით - მაღლაფერიძე

პუბლიკა

ნინოწმინდის პანსიონის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პანსიონში 19 აღმზრდელი დარჩება. მისივე ინფორმაციით, პანსიონში აქამდე 40-ზე მეტი თანამშრომელი იყო. პანსიონის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა, რა კრიტერიუმების მიხედვით გაუშვეს ან დატოვეს აღმზრდელები დაწესებულებაში.

დღეს ნინოწმინდის პანსიონში იმყოფებოდა ტრეფიკინგის სააგენტოს ხელმძღვანელი, მერი მაღლაფერიძე. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იმ აღმზრდელებმა რომლებთან დაკაშირებითაც არსებობდა რისკები, დატოვეს პანსიონი.

„რაც ნამდვილად შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ სადაც რისკები იყო დანახული აღმზრდელებთან დაკავშირებით, ისინი დაწესებულებაში აღარ იმყოფებიან. დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, როდესაც მოხდა გარკვეული რისკების კონკრეტულ პირებთან იდენტიფიცირება, მათ დაწესებულების ტერიტორია დატოვეს.

როდესაც დაწესებულებაში რაიმე ტიპის რისკებზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, მოხდეს მათი განრიდება, ისევ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მერი მაღლაკელიძემ.

მისი თქმით, დეინსტიტუციონალიზაციის გეგმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე პანსიონში 20-მდე ბავშვი რჩება.


პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აღარ უხელმძღვანელებს. 14 ივნისს პანსიონის ხელმძღვანელი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი გახდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია სისხლის სამართლის ოთხი საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ ეძლევათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა.