ვატიკანის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაკრძალავენ.
განცხადების თანახმად, წმინდა პეტრეს მოედანზე დაკრძალვის ლიტურგიას კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე უხელმძღვანელებს.
პაპ ფრანცისკეს ცხედარს ოთხშაბათს დილით წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენებენ.
უკვე ცნობილია, რომ პაპის დაკრძალვის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან – მათ შორის: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ასევე ბრაზილიისა და არგენტინის პრეზიდენტები.
AFP-ის ინფორმაციით, რომის პაპის დაკრძალვას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. ანდერძის თანახმად, პაპის თხოვნაა, რომ საფლავი იყოს სადა, წარწერით: ფრანცისკე.
პაპი ანდერძში აღნიშნავს, რომ დაკრძალვის ხარჯი დაიფარება ქველმოქმედისგან მიღებული თანხით, რომელიც მისი განკარგულებით გადაერიცხება სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკას.
პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა – ოფიციალურ მიზეზად ვატიკანმა ინსულტი დაასახელა.
გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 20 აპრილს პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე შეკრებილ ათასობით მორწმუნეს ბაზილიკის აივნიდან აღდგომა მიულოცა.