პაპმა ლეო XIV-მ მსოფლიოს სახელმწიფოებს პირველ საკვირაო მიმართვაში მშვიდობისკენ მოუწოდა.
ახალმა პაპმა მიმართვაში უკრაინაში „ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის“ დამყარებაზე, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე და ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლებაზე ისაუბრა.
პაპის თქმით, ის „გულით ატარებს უკრაინელი ხალხის ტკივილს“.
„გულით ვატარებ უკრაინელი ხალხის ტკივილს. დაე, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ნამდვილ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. დაე, პატიმრები გაათავისუფლონ და ბავშვები დაბრუნდნენ ოჯახებში“, — თქვა პაპმა ლეომ.
პაპმა ასევე თქვა, რომ „ღრმად დამწუხრებულია“ ღაზაში ომით და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, ჰუმანიტარული დახმარებისა და „ჰამასის“ მიერ დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
პაპმა ლეომ ასევე ახსენა კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის და თქვა, რომ ლოცულობს იმისთვის, რომ მსოფლიოს „მშვიდობის სასწაული“ მიენიჭოს.