პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ „ეს არის საოკუპაციო მმართველობის შედეგი”.
მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი ნაცრისფერი ზონა, რომელიც იქმნება საოკუპაციო რეჟიმის წყალობით, „არის წყარო დესტაბილიზაციის, ვინაიდან ეს არის არაფუნქციონირებადი ინსტიტუტების მქონე ტერიტორია“.
„უპირველეს ყოვლისა, ეს არის შედეგი იმისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა და ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, რა თქმა უნდა, სტაბილურობა შეუძლებელია.
ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ჩვენს საერთო ინტერესშია, რომ ერთიან საქართველოს ფარგლებში განვითარდეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა, მათ შორის აფხაზეთი და აფხაზეთის მოქალაქეების კეთილდღეობაც მხოლოდ ასე განვითარდება.
ნებისმიერი ასეთი ნაცრისფერი ზონები, რომლებიც შეიქმნება საოკუპაციო რეჟიმის წყალობით ხოლმე, საქართველოში იქნება ეს თუ სხვაგან, ყოველთვის არის წყარო დესტაბილიზაციის, ვინაიდან ეს არის არაფუნქციონირებადი ინსტიტუციების მქონე ტერიტორია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს, 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. მთავრობა „საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირებას გეგმავდა. საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, სესია არ შედგა.
პროტესტი დილიდან დაიწყო, რასაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურის ჩაშლა მოჰყვა.
მოქალაქეებმა მოანგრიეს ე.წ. პარლამენტის ღობე და შიდა ტერიტორიაზე შევიდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა ძალოვნებსა და აქციის მონაწილეების შორის, რომელთა წინააღმდეგაც ძალოვნებმა ცრემლმდენი გაზი და კვამლის ყუმბარები გამოიყენეს.