პაპუაშვილი: ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, მეშახტეზე, არის ხელისუფლება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება”. ამის შესახებ პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაზე მეტადაა დაინტერესებული, რომ მოქალაქეები არ დარჩნენ უმუშევარი, შემოსავლის გარეშე და ეკონომიკური განვითარება ეროვნული ინტერესის დონეზეა აყვანილი.

„ჩვენ ვართ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეები არ დარჩნენ უმუშევარი, შემოსავლის გარეშე. ყველანაირად ვზრუნავთ, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება მოქალაქეთა გარკვეულ დიდი რაოდენობის ჯგუფს ერთ გეოგრაფიულ სივრცეში. ეს არის განსაკუთრებული სოციალური გამოწვევა და ამას ყურადღებას აქცევს საქართველოს მთავრობა. მიდის ამ საკითხზე მსჯელობა, სხვადასხვა სახის ჩართულობაა და იმედი მაქვს, შესაძლებელი იქნება ისეთი გამოსავლის მოძებნა, რომელიც ყველას ინტერესში იქნება.

მინდა, ჭიათურის მოსახლეობას და, მათ შორის, მაღაროელებს ვუთხრა, რომ საქართველოს მთავრობა ზრუნავს ამაზე, პარლამენტი ყურადღებით აკვირდება მთავრობის აქტივობებს. ეს ის გამოწვევაა, რომელიც ობიექტურად არსებობს და რთულია ამის სრული გადაწყვეტა ბევრი მიზეზის გამო – თანამედროვე ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე ფასების გამო, ტექნოლოგიებიდან გამომდინარე. არ არის ახალი პრობლემა და გამოწვევა, მაგრამ მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ეს არის არა ამ მომენტიდან გამომდინარე ზრუნვა, არამედ ჩვენი პოლიტიკის ნაწილია. ჩვენთვის სამუშაო ადგილების შექმნა არის ამოცანა, ეკონომიკური განვითარება ეროვნული ინტერესის დონეზეა აყვანილი.

ჩვენ ეკონომიკურად თუ არ განვვითარდით, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა არ აიწია, დავივიწყოთ საუბარი ნებისმიერ წარმატებული გაერთიანების წევრობაზე, არავის არ ვჭირდებით, თუ ღარიბი ქვეყანა ვიქნებით. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი. […]

მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, მეშახტეზე, არის საქართველოს ხელისუფლება, ხელისუფლება ფიქრობს ამაზე, ჩართულია ამ საკითხზე. იმედი მაქვს, რომ ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი, რაც ჩვენი ქვეყნის ობიექტურ შესაძლებლობებშია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა – მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალური” პროტესტი დაასახელა.

„ჯორჯიან მანგანეზი” მაშინ წერდა, რომ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობდნენ.

მაღაროელების თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და მათ დღემდე არ აქვთ აღებული ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება. სწორედ ამიტომ, უკვე 30-ე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მაღაროელების მოთხოვნებია:

  1. უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება;
  2. მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;
  3. შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
  4. მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
  5. ეკოლოგიური საკითხების მოგვარება.

7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.

მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.

განცხადების მიხედვით, შესწავლამ გამოავლინა შემდეგი ფაქტორები:

  1. მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
  2. მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
  3. შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით;
  4. ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია.