პაპუაშვილი: ამ სამეულში საქართველო ლიდერია და შეცვლილი კონტექსტის გამო იმედია, ევროკავშირი დაჩქარებულად იმსჯელებს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ცნობილია, რომ ევროკავშირში განაცხადი უკრაინამ და მოლდოვამაც შეიტანეს. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ასოცირების დღის წესრიგის შესრულების კუთხით ამ სამეულში ლიდერია და აქვთ მოლოდინი, რომ ევროკავშირი დაჩქარებული პროცედურით იმსჯელებს საქართველოსთან მიმართებით.

„ყველა ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ საქართველოს, ასოცირების დღის წესრიგისა და შეთანხმების შესრულების კუთხით გახლავთ ლიდერი ამ სამეულში და გვაქვს მოლოდინი, რომ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე, ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით.

საერთო ჯამში მთავარია, ჩვენ მივყვეთ ასოცირების შეთანხმებას, მთავარი შედეგი ჩვენი მოსახლეობისთვის არის, არა იმდენად ფორმალური ნაწილი სტატუსისა, არამედ შინაარსობრივი ნაწილი ევროპულობისა, სწორედ ამას მისდევს „ქართული ოცნების“ გუნდი და პარლამენტი.

იცით, რომ ბოლო სხდომაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა, მივიღეთ პირველი მოსმენით მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი, რომელიც არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გადმოტანის ერთ-ერთი მაგალითი და მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების მაგალითი“ – განაცხადა პაპუაშვილმა.