შალვა პაპუაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ 11 მარტს გავრცელებული ვიდეოს გამო პატიმრებს „უსინდისო პატიმრებს“ უწოდებს.
ვიდეო, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2-წუთიანია და მასზე გზის განმეორებით გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი და 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე ჩანან.
„გუშინ დავრწმუნდით, თავს რომ გვაცოდებდნენ სინდისის პატიმრები – ვშიმშილობთო, აღმოჩნდა, რომ თურმე არიან უსინდისო პატიმრები – კარგად სვამენ, ჭამენ, კარგ ხასიათზე არიან, ჩხუბობენ, საუბრობენ, დისკუსიები აქვთ გამართული და აქ გარეთ საზოგადოებას თავს აცოდებენ, რომ შიმშილობენ.
მათ შორის იყო რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და მივიღეთ როგორც სტუმარი. გაიარ-გამოიარა, მოეწონა ქვეყანა და წავიდა და პოლიციელს დაესხა თავს. პატრულის მანქანა დაამსხვრია, დაიჭირეს, აღიარა და იქიდან კიდევ გონორით გველაპარაკება და პოლიტიკურ ტრაქტატებს აგზავნის რუსეთის მოქალაქე კრიმინალი. თან ჭკუას გვასწავლის და თან თავს აცოდებს საზოგადოებას, რომ ვშიმშილობო, ხან საბანი არ მაქვსო და ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი.
[ანტისანიტარია ჩანდა ვიდეოში] რა ვიცი, ძეხვს ისე მიირთმევდნენ მოშიმშილე ადამიანები, ანტისანიტარიის საკითხზე რა გითხრათ. არ უნდა მოიტყუო, ეს არის უსინდისობა… დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, თან იტყუება, რომ შიმშილობს. ეს არის სააკაშვილის მორალი, რომელიც ასევე იტყუებოდა რომ შიმშილობდა…“, – თქვა პაპუაშვილმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, „ცრუ ინფორმაციაა, თითქოს ზურაბ მენთეშაშვილი შიმშილობის შეწყვეტის მიზნით ზეწოლის გამო გადაყვანილ იქნა კარცერში, სადაც ის იმყოფება არაადამიანურ პირობებში“. სამსახური აღნიშნავს, რომ მენთეშაშვილი არა კარცერში, არამედ ე.წ. საკარანტინე საკანშია გადაყვანილი.
პენიტენციური განცხადებაში არაფერს წერს ანტისანიტარიის შესახებ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
ამავე განცხადებაში უწყება წერს, რომ „ზურაბ მენთეშაშვილი ჩვეულებრივ იღებდა და იღებს საკვებს და ასევე სარგებლობდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით“. იმავეს წერს უწყება დენის კულანინზე, რომელიც ციხეში პოლიციის მანქანის დაზიანების ბრალდებითაა.
პენიტენციურ სამსახურს მოგვიანებით უპასუხა ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატმა ჯანო ჭკადუამ. მისი თქმით, უწყების მიზანია, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს.
ადვოკატის თქმით, არსებობს შიმშილობის ოთხი ფორმა და ზურაბ მენთეშაშვილი 2025 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე შიმშილობის სხვადასხვა ფორმას მიმართავდა, მათ შორის, არასრულ შიმშილობას – საკვებს იღებს, მაგრამ ის არ არის საკმარისი ენერგიის საერთო დანახარჯებთან შედარებით, დღეს კი სრულ შიმშილობაზეა გადასული [იღებს მხოლოდ წყალს].
ჭკადუა ამბობს, რომ კადრები, რომლებიც გაავრცელა პენიტენციურმა დაწესებულებამ, ასახავს იმ პერიოდს, როდესაც ზურაბ მენთეშაშვილი საკვებს არასრული რაოდენობით იღებდა. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ზურაბ ჭავჭანიძესა და ზურაბ მენთეშაშვილს შორის კონფლიქტი საკვებთან დაკავშირებული არაა.
ადვოკატი ასევე წერს, რომ ბრალდებულებმა საკარანტინო საკანში შესვლისთანავე უამრავი ტარაკანი შენიშნეს, მოითხოვეს დეზინფექციის ჩატარება. დეზინფიცირებულ საკანში მინიმუმ სამი დღის განმავლობაში არ უნდა შეეყვანათ ბრალდებულები, თუმცა ისინი ორ საათში შეაბრუნეს უკან.
„ზურაბ მენთეშაშვილსა და ზურაბ ჭავჭანიძეს შორის რეალურად მართლაც მოხდა კონფლიქტი, თუმცა ის არც ერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული საკვებთან. მათი კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო ჩვენთვის, თუმცა ზურაბ მენთეშაშვილის თხოვნით აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ იყო მიწოდებული. ასევე, ციხის ადმინისტრაციამ აღნიშნული ფაქტის გამო ორივე ბრალდებულს შეუზღუდა სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და ორივე მათგანი გადაყვანილი იყო საკარანტინო საკანში.
ზემოთ აღწერილი ფაქტის შემდეგ, როგორც ცნობილია, ზურაბ ჭავჭანიძემ შეწყვიტა შიმშილობა, ხოლო ზურაბ მენთეშაშვილმა კვლავ გააგრძელა შიმშილობა. საკარანტინო საკნიდან იგი D2 კორპუსის 118-ე საკანში შეასახლეს სხვა მოშიმშილესთან ერთად. საკანში შესვლისთანავე მათ შენიშნეს უამრავი ტარაკანი, რის გამოც ბრალდებულებმა მოითხოვეს საკანში დეზინსექციის ჩატარება, რაც რამდენიმე მოთხოვნის შემდეგ შესრულდა.
საკანში, სადაც ციხის ადმინისტრაციამ ტარაკნების განადგურების მიზნით ჩაატარა დეზინსექცია და სადაც მინიმუმ სამი დღის განმავლობაში არ უნდა შეეყვანათ ბრალდებულები, ისინი მხოლოდ ორ საათში დააბრუნეს უკან. ზურაბ მენთეშაშვილმა განმარტა, რომ 118-ე საკანში დაბრუნებისას საშინელი სუნი იდგა და ყველგან საწამლავის კვალი იყო. ასეთ საკანში მოუწიათ რამდენიმე დღის გატარება ზურაბ მენთეშაშვილს და მის თანამესაკნეს, დენის კულანინს.
საკნის დეზინსექციიდან რამდენიმე დღეში ციხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ზურაბ მენთეშაშვილი კვლავ გადაეყვანა საკარანტინო საკანში, სადაც იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და ნახა, თუ რა არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი. აღნიშნულ ფაქტზე გამოქვეყნდა დენის კულანინის წერილიც, სადაც იგი აღწერს საკანში არსებულ არაადამიანურ პირობებს“, – წერს ადვოკატი.
ჯანო ჭკადუა კიდევ ერთხელ აღწერს ზურაბ მენთეშაშვილის მონათხრობს საკანში არსებულ გაისაძლის პირობებზე და ამბობს, რომ პენიტენციური სამსახური საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„10 მარტს, პირადად შევხვდი ზურაბ მენთეშაშვილს და მომაწოდა ინფორმაცია, თუ რა პირობებში იმყოფება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. კერძოდ, მისი განმარტებით, ბოლო ერთი კვირაა საკანი არ გაუსუფთავებიათ, რადგან საჭირო ინვენტარს ციხის ადმინისტრაცია არ აწვდის. მათ არ აქვთ ხელსახოცი, რომ ხელი გაიმშრალონ; არც ხელის საპონი, რომ ხელი დაიბანონ; არ აქვთ კბილის ჯაგრისი და არც თეთრეული. ამასთან, როგორც D2 კორპუსის 118-ე საკანში, აქაც საკანში ტარაკნებია, რაც იქ ყოფნას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.
ყოველივე ზემოთ აღწერილს, კერძოდ ბოლო კვირაში საკარანტინო საკანში მის გადაყვანას, ზურაბ მენთეშაშვილი სწორედ მის შიმშილობას უკავშირებს. როგორც მან განმარტა, ციხის ადმინისტრაციამ უთხრა, რომ თუ შიმშილობას შეწყვეტდა, იმავე დღეს გადაიყვანდნენ სხვა საკანში.
პენიტენციური სამსახურის მიერ გადაღებული ვიდეომასალა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და გავრცელებული კადრებით ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს.
ზურაბ მენთეშაშვილი არის ადამიანი, რომელიც საავტომობილო გზაზე გადასვლის გამო უკვე მეხუთე თვეა მე-8 დაწესებულებაშია გამოკეტილი და მას ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მიუხედავად ამისა, ის კვლავ აგრძელებს შიმშილობას და ბრძოლას ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის“, – წერს ადვოკატი.
ცნობილია, რომ შიმშილობის სხვადასხვა ფორმას მიმართავდა ზურაბ ჭავჭანიძეც. ის 5 თებერვლიდან არასრული შიმშილობის ფორმიდან გადავიდა სრულზე. ამის შესახებ ცნობილი გახადა 16 თებერვლის პროცესზე, სადაც ჭავჭანიძემ განაცხადა, რომ სრულ შიმშილობაზე იყო გადასული და მოსამართლეს ჰკითხა, მისული იყო თუ არა სასამართლოში ამის შესახებ ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა პროცესზე ამოიკითხა ზურაბ ჭავჭანიძის შიმშილობის ვადებსა და ფორმებზე სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაცია:
„9 თებერვლით არის [დათარიღებული წერილი]. შიმშილობის ფორმა – სრული, მიზეზი – არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას, შიმშილობის დაწყების თარიღი – 2025 წლის 21 ნოემბერი;
25 ნოემბრებს – სრულიდან აბსოლუტურზე გადასულხართ.
11 დეკემბერს აბსოლუტურიდან ისევ სრული ფორმით შიმშილობაზე.
20 იანვარს – სრული ფორმიდან არასრული ფორმის შიმშილობაზე.
5 თებერვლიდან არასრულიდან გადავიდა სრული ფორმის შიმშილობაზე“, – განაცხადა მოსამართლემ.