პაპუაშვილი: აშშ-ის საელჩოს თითოეული ქარდი იყო დეზინფორმაცია და მანიპულაცია

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ „აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული თითოეული ქარდი იყო დეზინფორმაცია და მანიპულაცია”.

გასულ კვირას აშშ-ის საელჩომ „ფეისბუქზე” გამოაქვეყნა რამდენიმე ე.წ ქარდი სხვადასხვა მესიჯით, მათ შორის:

  • „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ”;
  •  „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება – საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება”;
  • „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის – რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?”

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „აშშ-ის საელჩო თავს უფლებას აძლევს, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში ჩაერიოს, რის უფლებასაც ის თავს არ უნდა აძლევდეს”.

„სამწუხაროდ, ამას აკეთებს ზუსტად აშშ-ის საელჩო, მათ შორის ამ ე.წ. იუმორის დონეში გადასული ქარდების სერიით, რომელიც ამავე დროს დეზინფორმაციულია და ტყუილია,

თითოეული ქარდი იყო აბსოლუტური დეზინფორმაცია და მანიპულაცია. მეც არაერთხელ მქონია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენელთან საუბარი, რომ იყვნენ ფხიზლად, რათა არ დააფინანსონ დეზინფორმაცია, ვგულისხმობ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ.

სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩო ამ ქარდებით თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი, რაც რა თქმა უნდა ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა 25 სექტემბრის მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის.

ელჩმა რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამერიკის ელჩი „წითელ ხაზებს უახლოვდება”.

გარდა ამისა, 4 ოქტომბერს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რამდენიმე თვის წინ იმსჯელეს, როგორ ეპასუხათ საქართველოს მთავრობისთვის ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების გამო – ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ წევრ სახელმწიფოებთან შიდა დისკუსიის შემდეგ შეაჩერეს მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.