პაპუაშვილი აშშ-ის სავიზო შეზღუდვებზე: ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მიერ „ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს ეხმაურება და ამბობს, რომ აშშ-ის „წარმავალი“ ადმინისტრაცია „ურთიერთობას აფუჭებს მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც საქართველოა“.

მისივე შეფასებით, „წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრმოკლებულია“.

„ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო, მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია.

მეორე, პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები. როგორ ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. არ შეიძლება დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთ რამეს ნიშნავდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში – სხვას.

და მესამე, ამერიკის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის ბოლო წლებშიც, როდესაც ადამიანების წამებამ განსაკუთრებული სახე მიიღო. ფაქტობრივად, განადგურა თავისუფალი მედია და ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა. ჩვენ არ გვახსოვს არამცთუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი. ამ ფაქტორების გამო ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრმოკლებულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

„დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიმდინარე სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ.

„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, დაექვემდებარებიან სავიზო შეზღუდვას.

„ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველ ხალხთან ერთად გვინდა ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ამერიკის გადაწყვეტილებას და ემატება აქამდე გამოცხადებულ ნაბიჯებს, რომლებიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირს და მათი ოჯახის წევრებს”, – ნათქვამია განცხადებაში.