საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანს „გულითადად ულოცავს „საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას”.
მან X-ზე დაწერა:
„გულითადად ვულოცავ აზერბაიჯანს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას. მილი მეჯლისს ახლა აქვს აზერბაიჯანელი ხალხის განახლებული დემოკრატიული მანდატი, რათა გააგრძელოს ძლიერი, აყვავებული და ერთიანი აზერბაიჯანის მშენებლობა. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი ხალხების მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მიზნების მისაღწევად”.
აზერბაიჯანში გუშინ, 1 სექტემბერს ჩატარდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევის პარტიამ „ენი აზერბაიჯან“ უმრავლესობა შეინარჩუნა და მმართველი პარტია ახალ პარლამენტში 125 ადგილიდან 68-ს დაიკავებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 37% მივიდა.
აზერბაიჯანში ხმის მიცემის პროცესი გუშინ, 1-ელ სექტემბერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდა.
არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის ივლისში ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის დათხოვნა დაამტკიცა.
ეს აზერბაიჯანის პირველი საპარლამენტო არჩევნებია მას შემდეგ, რაც 2023 წლის სექტემბერში დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ სომეხმა მოსახლეობამ, 100 ათასზე მეტმა ადამიანმა ფაქტობრივად სრულად დატოვა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ყარაბაღშიც ჩატარდა.
2024 წლის დასაწყისში აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართა. შედეგად, ილჰამ ალიევი კიდევ მომდევნო 7 წლით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.
62 წლის ალიევი აზერბაიჯანს 20 წელზე მეტია, მართავს. ძალაუფლება მან მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან გადაიბარა. ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ლიდერი იყო, შემდეგ კი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი.
ალიევის მმართველობა აზერბაიჯანში კანონების მუდმივი გამკაცრებით და ოპოზიციონერებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაპატიმრებების ფონზე მიმდინარეობს.