პაპუაშვილი ბლინკენის წერილზე: მხარდამჭერის წერილია, სხვანაირად როგორ უნდა გაიგო, მიკვირს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წერილი, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნას შემდეგ მისწერა, მხარდამჭერის წერილია და იქ კიდევ ერთხელ აღნიშნულია, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია.

„ბლინკენის წერილში ხაზგასმით ეწერ , რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს პარტნიორად და ამ წერილის მთავარი არსი და შინაარსი იყო ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას და მასთან თანამშრომლობას უყურებს იმედებით. სხვანაირად როგორ უნდა გაიგო ეს წერილი, მე ეს მიკვირს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის,ენტონი ბლინკენის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისწერა. წერილში ბლიკენი საქართველოს მოუწოდებს, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით კრემლის აგრესიის ფონზე. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე“, – აღნიშნავს ენტონი ბლინკენი წერილში.