პაპუაშვილი ჩანაწერებზე: შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ჩანაწერი, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიაში და სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება, დამონტაჟებულია და მისი შეფასებით ავთენტური არაა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ჩანაწერის გავრცელება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ და მიზანი ქვეყნის ომში ჩართვაა.

„ე.წ. ჩანაწერები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ არის მონტაჟი. საინტერესოა, როგორ მოხდება ამაზე რეაქცია შიგნით და გარეთ, ვინ არიან ჩართული, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზება პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მიერ.

შემდეგ – როგორ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის „სირცხვილიას“ მიერ ამის ქვეყნის გარეთ გატანა. ეს არის სასკოლო მაგალითი როგორ მზადდება და ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანიები. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ფალსიფიკაცია, თემის აგორება და შემდეგ ისე წარმოჩენა, რომ თითქოს რაღაც სკანდალთან გვაქვს საქმე“ , – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გუშინ მედიაში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არაა. ჩანაწერების მიხედვით, ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილის ეუბნება, რომ საქართველოში ჩამოსულია მისი წარმომადგენელი და სთხოვს, რომ მას შეხვდეს.

ბიძინა ივანიშვილი კი პასუხობს, რომ მის წარმომადგენელს პრემიერს შეახვედრებს, რადგან „ახალგაზრდა ბიჭია და ყველაფერს მიხედავს“.

ჩანაწერი youtube-ზე მომხმარებელმა cyber kmara-მ გამოაქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი, და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს. 25 აპრილს ატვირთული ახალი ჩანაწერის მიხედვით კი 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი.