„რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები. ჩვენ გვაქვს გერმანიის სრული მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და იმ გზავნილებს გაუსვა ხაზი, რაც შეხვედრებისას გამოიკვეთა.
„ევროკავშირის გაფართოების პროცესს გერმანია უყურებს როგორც შედეგზე ორიენტირებულს და არა პროცესს პროცესისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატობის და შემდეგ, მოლაპარაკებების ბოლოს, აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრობა. გერმანია ხედავს ევროკავშირს ლისაბონიდან თბილისამდე. ეს ხედვა არის პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილი. გაფართოების მიზანიც უნდა იყოს, რომ ეს სივრცე იქნას მოცული ევროკავშირის მხრიდან.
ჩვენ ბევრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იყო არასწორი და უმჯობესი იქნებოდა საქართველოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ეტაპზე, სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, როგორც ქვეყანა, რომელიც „რეგიონალური მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლაფტორმას უზრუნველყოფს”.