პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლება სრულად იყო ჩართული უკრაინაში ომის თავიდან აცილების, ახლა კი ომის შეჩერების საქმეში

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნით დანიშნული რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის გამართვის თემაზე მორიგი ბრიფინგი გამართა. მან კიდევ ერთხელ განმარტა უმრავლესობის გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობაზე.

„როგორც იცით, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინვე განაცხადა, რომ ის არ დაესწრება რიგგარეშე სხდომას ორი მიზეზის გამო:

1. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ორივე საკითხი ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს. კერძოდ, პირველი საკითხი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის დაბარებას, რაც არა ამ ფორმით, არამედ თავად პარლამენტის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, ხოლო მეორე საკითხი საერთოდ არ ჯდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ რომელიმე ფორმატში;

2. ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ნაწილისგან ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ამ სხდომის გამართვის რეალური მიზანი არა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვა და უკრაინელ ხალხთან სოლიდარობაა, არამედ უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პარლამენტის სხდომის საზოგადოებაში განხეთქილებისა და დაპირისპირების გამოწვევის სურვილი.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სხდომისთვის 76 დეპუტატია საჭირო, უმრავლესობის მიღმა კი მხოლოდ 61 დეპუტატია დარჩენილი და, შესაბამისად, თეორიულადაც გამორიცხულია სხდომის გახსნისთვის საჭირო 76 დეპუტატის მიერ რეგისტრაციის გავლა.

„გამომდინარე აქედან, რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და ასევე, აზრს მოკლებულია რეგისტრაციის პროცედურის გამართვაც.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაციით სრულად იყო ჩართული უკრაინაში ომის თავიდან აცილების, ახლა კი ომის შეჩერების საქმეში.